წარმატებული კურსდამთავრებულები - ნიკოლოზ ლურსმანაშვილი

ნიკოლოზ ლურსმანაშვილი სკოლა ეისის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან სკოლა 2023 წელს, 16 წლის ასაკში დაამთავრა და მალევე დაიწყო განვითარება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
სკოლის დასრულების შემდეგ ნიკოლოზმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენა და სწავლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით გააგრძელა.
დღეს ნიკოლოზი SDET ინჟინერია (Software Development Engineer in Test) და გამოცდილება ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე ოპერირებად კომპანიებში აქვს დაგროვილი. მისი საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფას, ტესტირების პროცესების ავტომატიზაციასა და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნას მოიცავს.
პროფესიული კარიერა მან თიბისი ბანკში დაიწყო, სადაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტ-ავტომატიზაციის ინიციატივას ხელმძღვანელობდა, მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი თიბისის შიდა ტექნიკური ბიბლიოთეკების განვითარებაში და მიღწეული შედეგებისთვის კომპანიის შიდა აღიარებაც არაერთხელ მიუღია.
პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ის ცოდნის გაზიარებასაც აქტიურად უთმობს დროს. ნიკოლოზი თიბისი IT აკადემიის მენტორია, სადაც ახალგაზრდებს ტესტირების ავტომატიზაციას ასწავლის. პარალელურად, ის ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების არაერთ პროფესიულ ღონისძიებაში მონაწილეობს როგორც მომხსენებელი. მათ შორის იყო ტესტირების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც, სადაც ნიკოლოზი მოწვეული სპიკერის სტატუსით წარდგა.
ნიკოლოზისთვის სწავლება იმ გამოცდილებასაც უკავშირდება, რომელიც თავად სკოლაში მიიღო:
„ეისიში დავინახე, რას ნიშნავს კარგი მასწავლებელი. სწორედ ამიტომ დღეს თავად ვასწავლი ახალგაზრდებს - ვცდილობ დავუბრუნო ის, რაც მე მივიღე.“
ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებით და განსაკუთრებით გვიხარია, როცა ისინი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას უკვე სხვებსაც უზიარებენ.



Comments