როგორ დავუბრუნოთ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ
- ნათია ტლაშაძე

- Oct 3, 2024
- 2 min read

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, სასკოლო რეჟიმში დაბრუნება შეიძლება გამოწვევად იქცეს მოსწავლეებისთვის. სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაეხმარება მათ უმტკივნეულოდ დაუბრუნდნენ სასკოლო გარემოს და წარმატებით დაიწყონ ახალი სასწავლო წელი.
რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს:
პირველ ეტპზე, ყველაზე მართებული იქნება თუ ძილის რეჟიმს მოიწესრიგებთ სასკოლო განრიგთან შესაბამისობაში. მხოლოდ სასწავლო დღეებში კი არა, შაბათ–კვირასაც მნიშვნელოვანია რუტინის შენარჩუნება. ეკრანთან (გაჯეტებთნ) გატარებული დროის შემცირება ასევე შეუწყობს ხელს ძილის რეჟიმის დარეგულირებას.
სასკოლო ნივთების, ტანსაცმლისა და სკოლაში წასაღები საკვების მომზადება უმჯობესია საღამოს, რათა დილით თვიდან აირიდოთ ქაოსი და დაზოგოთ დრო.
სასწავლო წლის დასაწყისი ყოველთვის სიახლეებთან ასოცირდება, ისაუბრეთ ერთმანეთთან სკოლაში მიმდინარე მოვლენებზე და გაუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები. გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია კლასის დამრიგებელთან, დასვით შეკითხვები ბუნდოვან საკითხებზე, სკოლის განრიგსა თუ სამომავლო გეგმებზე.
საწყის ეტაპზე, შესაძლებელია ჩამოწეროთ მეორე დღისთვის გასაკეთებელი დავალებების სია, ჩვევად აქციოთ მათი გადახედვა და გაკეთებული საქმეების მონიშვნა, ასე გამოიმუშავებთ პასუხისმგებლობის გრძნობას.
სკოლის შემდეგ აუცილებლად გამოყავით დრო ჰობისთვის, რადგან საყვარელი საქმიანობა აგავსებთ დადებითი ენერგიითა და პოზიტიური განწყობით, ეს კი დაგეხმარებათ მარტივად გაუმკლავდეთ სირთულეებს.
მასწავლებლებისთვის:
განაახლეთ საკლასო ოთახი ფერადი პლაკატებით, სამოტივაციო ფრაზებით,რათა კლასში სასიამოვნო და მიმზიდველი გარემო შექმნათ.
მოიფიქრეთ სახალისო გაცნობის აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს ხელახლა აღმოაჩენინებს ერთმანეთს და დაეხმარება დაახლოებაში.
პირველ კვირებში უპირატესობა მიანიჭეთ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას, რომ გაიგოთ მათი მზაობის დონე.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში და იცავენ ქცევის წესებს. წახალისებისთვის „ჯილდოები“ ერთობლივად შეიმუშავეთ, რათა მოსწავლეთა ინტერესზე იყოს მორგებული.
წინასწარ გააცანით მოსწავლეებს წლის მანძილზე გასავლელი მასალა და დაანახეთ საჭიროება თუ რატომ უნდა ისწავლონ საგანი. მიეცით საშუალება დაისახონ მიღწევადი და რეალისტური მიზნები და ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, ენთუზიაზმი და ღიმილი, რადგან თქვენი განწყობა პირდაპირ აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე.
სკოლაში დაბრუნება შეიძლება იყოს როგორც გამოწვევა, ასევე ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. ვიმედოვნებ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ახალი სასწავლო წელი შემართებითა და ენთუზიაზმით სავსეებმა დაიწყონ.




Comments