ეროვნული გამოცდები: რჩევები მარიკა ტლაშაძისგან
- ნათია ტლაშაძე

- Jun 29, 2024
- 2 min read
Updated: Oct 4, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. წელს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოთხშაბათს, 3 ივლისს, ჩატარდება. აბიტურიენტები ყველაზე მეტად პირველი გამოცდის დროს ღელავენ. სტრესის მოსახსნელად ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს რჩევებს უზიარებს ეროვნული გამოცდების დამკვირვებელი, ქართული ენის მასწავლებელი და სკოლა ეისის დირექტორი მარიკა ტლაშაძე:
1. გამოცდის წინა დღეს მოიწყვეთ განტვირთვის დღე
ხშირად ხდება ისე, რომ აბიტურიენტები სწორედ გამოცდის წინა დღეს იმეორებენ საგამოცდო საგნის გარკვეულ საკითხებს, ან უფრო მეტიც, რომელიმე სხვა საგნის ტესტზე მუშაობას აგრძელებენ. ყველა გამოცდა თავისთავად ემოციასთან არის დაკავშირებული, ამიტომ უკეთესია, თუ აღარ დავტვირთავთ გონებას წინა დღეს, დავისვენოთ, კარგად გამოვიძინოთ, მომზადებული მოვიდეთ გამოცდაზე. ეს დაგვაზღვევს იმისგანაც, რომ გადაღლილებს არ დაგვეძინოს და არ დაგვაგვიანდეს საგამოცდო ცენტრში გამოცხადება.
2. არ სცადოთ სტრესის ალკოჰოლის საშუალებით დაძლევა
საგამოცდო წესების მიხედვით, თუ აბიტურიენტს ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინდა, ასეთ შემთხვევაში ის მოიხსნება გამოცდიდან. შესაბამისად, გარისკვა არ ღირს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საგამოცდო ღელვას ალკოჰოლი ნამდვილად ვერ უშველის, სამაგიეროდ, მან, თუნდაც მცირე რაოდენობით, შესაძლოა შეანელოს აზროვნების პროცესი.
3. დაკვირვებით გაეცანით საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას
არც ისე ხშირად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ აბიტურიენტები შეცდომით სხვა საგამოცდო ცენტრში ან სხვა საგამოცდო დროს მიდიან. ამის თავიდან ასაცილებლად კარგად გაეცანით ბარათზე დატანილ ინფორმაციას. რაც ყველაზე მთავარია, უნდა მივაქციოთ ყურადღება სესიასა და რეგისტრაციის დაწყების დროს. ასეთი ცალკეული შემთხვევებია, მაგრამ ეს აბიტურიენტისთვის და განსაკუთრებით მშობლისთვის არის ტრაგედია, როცა ვეღარ ახერხებს უკვე გამოცდაზე გასვლას და მომზადებულ აბიტურიენტს მინიმუმ ერთი წელი ეკარგება მხოლოდ უყურადღებობის გამო.
4. ნუ იქონიებთ ზედმეტ ნივთებს გამოცდაზე
რეგისტრაციის დროს ნებისმიერი არასაჭირო ნივთის დატოვება მოგიწევთ და, რა თქმა უნდა, გამოცდის დასრულების შემდეგ გაიტანთ, თუმცა ზედმეტი პროცედურაა და უმჯობესია, თუ თავიდან აიცილებთ. შეგიძლიათ იქონიოთ წყალი პლასტმასის ბოთლით, პირადობის მოწმობა, საგამოცდო ბარათი და, სურვილის შემთხვევაში, საგამოცდო ცენტრის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისი (შავი ფერის 0,5 მმ-დან 0,7 მმ-მდე ბურთულიანი წვერის მქონე) გელიანი კალამი.
5. მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ აბიტურიენტების სურვილები
საქართველოში აბიტურიენტები გამოცდაზე ხშირად მშობლებსა და ნათესავებთან ერთად მიდიან. საგამოცდო დროის განმავლობაში ახლობლები ახალგაზრდებს გარეთ ელოდებიან. ეს ჩვევა მეტ-ნაკლებად ყველგან არის. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში ბებიებიც და ბაბუებიც აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ამიტომ ეს ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენი ნამდვილად არ არის, მეტ-ნაკლებად ყველგანაა. თუმცა მნიშვნელოვანია დავეკითხოთ აბიტურიენტს, თავად რა ურჩევნია – მარტო წავიდეს გამოცდაზე თუ ოჯახის წევრებიც გაიყოლოს. ხშირად ახლობლების თანხლება აძლიერებს აბიტურიენტის ღელვას, რაც, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ ვერ აისახება მოსწავლის ნამუშევარზე. გარდა ამისა, თუ შვილები დაინახავენ, რომ ჩვენ, მშობლები, მათს სურვილებს ვიზიარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საკუთარი მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ, მოტივაცია ერთი ათად გაეზრდებათ ახალგაზრდებს.
წარმატებას, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და სწორ არჩევანს გისურვებთ, აბიტურიენტებო, მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობებისა!




Comments