საქველმოქმედო აქცია ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე"
- Apr 14, 2024
- 1 min read
Updated: Aug 25
სკოლა ეისის მოსწავლეები საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში კონფლიქტისპირა სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ და მოხუცებულთა თავშესაფარს „სახლი საზღვრების გარეშე“ საჭირო დახმარება გადასცეს.
ვიზიტი განხორციელდა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეების, მშობლის - პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ არინა თავაქარაშვილის ინიციატივით.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ საქველმოქმედო აქციაში მიეღოთ მონაწილეობა, არამედ უშუალოდ გაცნობოდნენ კონფლიქტისპირა სოფელში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანების ყოველდღიურობასა და საჭიროებებს. თავშესაფრის დირექტორმა, ლუდა სალიამ, აღნიშნა, რომ კონფლიქტისპირა სოფელში მცხოვრები მოხუცებისთვის მოსწავლეების სტუმრობა განსაკუთრებული ფაქტია.
ხურვალეთში ვიზიტი საქველმოქმედო ქსელ „თაობების“ ინიციატივის ნაწილია. ქსელი 2024 წლის იანვარში ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა დააფუძნეს და მისი მიზანია საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან ახალგაზრდების გაერთიანება სოციალური მხარდაჭერის საჭიროების მქონე ადამიანების დასახმარებლად.
ინიციატივა მოიცავს ბავშვთა სახლების, ხანდაზმულთა პანსიონატების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებების გამოვლენასა და მათ დასახმარებლად მოსწავლეების ჩართულობას.
მსგავსი გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, დაინახონ საკუთარი ჩართულობის რეალური შედეგი და საზოგადოების საჭიროებებს საკლასო სივრცის მიღმაც გაეცნონ.



Comments