სოციალური სტაჟირების პროგრამა ეისში
- Mar 22, 2024
- 1 min read
Updated: Aug 25
2024 წლის 4-22 მარტს სკოლა ეისმა გერმანიიდან ჩამოსულ მე-11 კლასელ მოსწავლეს, დომინიკ ქინდერმანს, სოციალური სტაჟირების ფარგლებში უმასპინძლა.
დომინიკი გერმანიის ქალაქ ბილეფელდში მდებარე რუდოლფ შტაინერის სკოლაში სწავლობს, სადაც სოციალური სტაჟირება სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. გერმანული ენის მასწავლებლის, ანნა შატაკიშვილის შუამდგომლობითა და სკოლის ადმინისტრაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე მან სტაჟირების გავლა საქართველოში, გორში, დედის მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა.
სამკვირიანი პრაქტიკის განმავლობაში დომინიკი აქტიურად ჩაერთო სკოლა ეისის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ასისტენტირებას უწევდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს, აკვირდებოდა გაკვეთილების ორგანიზებასა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ფორმებს.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისი ჩართულობა გერმანული ენის გაკვეთილებში. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ენა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, ესაუბრათ გერმანელ თანატოლთან და უფრო ახლოს გაცნობოდნენ მის ყოველდღიურობასა და კულტურულ გამოცდილებას. დომინიკისთვის კი მნიშვნელოვანი იყო სკოლა ეისის მე-11 კლასელებთან ურთიერთობა და ქართველი თანატოლების სასკოლო გარემოს გაცნობა.
სტაჟირება ორმხრივად საინტერესო გამოცდილებად იქცა. დომინიკმა შესაძლებლობა მიიღო, განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოში გამოეცადა თავი, ხოლო სკოლა ეისის მოსწავლეებისთვის მისი სტუმრობა ახალი კულტურის, ენისა და თანატოლთან საერთაშორისო კომუნიკაციის გამოცდილება იყო.
პროგრამის დასრულებისას სკოლას დომინიკის ოჯახიც ესტუმრა, რაც სამკვირიანი თანამშრომლობის სასიამოვნო დასასრულად იქცა.



Comments